ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ისტორიულ მიზანს დაგვაახლოებს - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც პრეზიდენტთან დღეიდან კონსულტაციები დაიწყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისა და არჩევნების შემდგომ პერიოდზე. კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დასახელებული არ ყოფილა ქარტიით გათვალისწინებული გარდამავალი მთავრობის შემადგენლობა, ან რომელიმე კონკრეტული გვარი და მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მხოლოდ პრინციპებზე მიმდინარეობს:
"მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, 26 ოქტომბერს, როდესაც ოცნება ვერ წაიყვანს ქვეყანას საბჭოთა კავშირისკენ, არამედ გადავდგამთ ძალიან დიდ, გიგანტურ ნაბიჯს ცივილიზაციისკენ, აუცილებლობაცაა და ვალდებულებაც, ვიფიქროთ მომდევნო დღეებზე , რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული საუბარი და მე ვფიქრობ, ამ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს და მიესალმება. არც ერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი. " თქვა ნიკა მელიამ