რუსეთის მიერ დანიშნული "ხელმძღვანელის" იგორ ტკაჩენკოს ცნობით, ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, სადაც ნავთობბაზა უკვე მეორე დღეა იწვის, ევაკუაცია გახდა საჭირო. ნავთობტერმინალის მიმდებარედ მცხოვრები 1000-ზე მეტი ადგილობრივი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
”შემთხვევის ადგილის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის - ჩერნომორსკაიას სანაპიროზე და კამიშის მახლობლად, განხორციელდა 1047 ადამიანის დროებითი ევაკუაცია დროებითი განსახლების ცენტრებში,” - წერს ტკაჩენკო Telegram არხზე.
ტკაჩენკოს თქმით, ხანძრის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილობრივი "ხელისუფლების" ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ფეოდოსიაში ნავთობის საცავს, ორშაბათს გამთენიისას, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.