"მთავარი არხის" ინფორმაციით, ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ საქართველოზე წარდგენილი 7 რეზოლუციის ტექსტიდან ერთ ვერსიაზე შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, სავარაუდოდ, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, შეიცვლება.
მისივე თქმით, რეზოლუციაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხიც შევა.
"ამ დილით უკვე გვქონდა მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან და მიხარია, რომ ის იყო ძალიან კონსტრუქციული. მესიჯი იგივეა, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ევროპარლამენტში და აქ იგულისხმება ყველა პოლიტიკური ჯგუფი. ამიტომ ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის მომავლისთვის, რომ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის მიმართულებით, თუ ამჟამინდელი მთავრობა კურსს არ შეცვლის. ეს არის მთავარი მესიჯები, მათ შორის კიდევ არის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ჩინოვნიკების დასანქცირება. ასევე, ვახსენებთ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც ეს წინა რეზოლუციაში გავაკეთეთ.
მე არ მაქვს საბოლოო ტექსტი ამ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ჩემი კომენტარი იქნება, რომ თუ საქართველო ბელარუსის გზას გაჰყვება ამას ექნება შედეგები. ამ ყველაფერში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება პასუხისმგებელი, არამედ ის ხალხი ვინც მას მხარს უჭერს და ხმას აძლევს, მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალზე. ასე რომ, თუ საქართველო არ იქნება ევროკავშირის ფასეულობებთან შესაბამისობაში, იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება და ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც არჩევნების სამართლიანობა, მაშინ შეკითხვები იქნება დასმული ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე," - განაცხადა ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან".
მსჯელობა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში თბილისის დროით დაახლოებით 18 საათისთვის დაიწყება.
იხილეთ ასევე: