საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოში უკვე გადააგზავნა.

"ყველასთვის სასურველი იყო რომ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა. პირადად მეც პასპორტი დავამზადებინე, საქართველოდან ჩამოვატანინე, რომ წელს მაინც მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. მე ზუსტად იმ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც საარჩევნო უბანი უნდა გახსნილიყო და ამ მომენტისთვის არ არის ისეთი სიტუაცია, რომ არ ჩატარდეს არჩევნები. ჩვეულებრივად მუშაობს სკოლები, ბაღები, ჩვენც დავდივართ სამსახური. უსაფრთხოების ზომები მეტად გამკაცრებულია, მაგრამ ის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს, ვერ ვხედავ ამის მიზეზს"  - ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა ფარცვაძე. 

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა. მისი თქმით, ცესკო საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, სადაც არის ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელავივში ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი