ქუთაისში "ქართული ოცნება" ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების განეიტრალებას ცდილობს. ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, რამაზ შენგელიას სახელობის "ტორპოდოს" სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, "ქართული ოცნების" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს.
პოლიტიკოსების თქმით, პროცესში "ქართულმა ოცნებამ" კრიმინალური ავტორიტეტებიც ჩართო. თუმცა მათი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი განწირულია და საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე პრორუსულ რეჟიმს პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ.