ემიგრანტები ხმის მიცემის უფლების გარეშე | საქართველოს მოქალაქეების პროტესტი საკუთარი უფლებების დასაცავად

გამოქვეყნდა:

ემიგრანტები ხმის მიცემის უფლების გარეშე - ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში საკუთარი უფლებებისა და ხმის დასაცავად გამოვიდნენ. ისინი საარჩევნო უბნის შესაძლო დახურვას აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეესკოს მიმართა, რომ ისრაელში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განიხილოს ამ უბნის გახსნის მიზაშეწონილობა. მიზეზი ამომრჩეველთა უსაფრთხოებაა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ამის ნაკლებად სჯერათ.  

დღეს ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა პეტიციაც გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ არ წაართვან არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

დაიხურება თუ არა უბანი, ამაზე ცესკო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. თუ საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, არჩევანის მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩება. ისრაელისგან განსხვავებით, უბნების დახურვა არ იგეგმება სხვა ქვეყნებში, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დრომდე არც დამატებითი უბნების გახსნას აპირებს. ამის საფუძველი აქტიურ ამომრჩეველთა ის სიაა, რომელიც საგარეომ გადაუგზავნა, თუმცა ამ მონაცემების თავად ემიგრანტებსაც არ სჯერათ და ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ "ქართულმა ოცნებამ'' არ წაართვას კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. 

ხელისუფლების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერის გამო ემიგრანტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველმა გუნდმა შედეგები გააყალბოს. მათი თქმით მიუხედავად იმისა, რომ წელს უმეტეს უბნებში არჩევნები ელექტრონულად ტარდება, ამის შესაძლებლობა მაინც რჩება.

დღეს არსებული მონაცემებით საზღვარგარეთ მხოლოდ 60 უბანი იხსნება და მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ემიგრანტების საკმაოდ დიდი რაოდნეობა კი საკონსულოებიდან და საელჩოებიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები რამდენიმე პრობლემის წინაშე დგებიან. უნდა გაეთავისუფლონ დამსაქმებელს და უმეტეს შემთხვევაში ორი დღით, ამას ემატება ტრანსპორტირების და დარჩენის ხარჯი. ახლა ამ პრობლემის მოგვარებას ემიგრანტები თავად ცდილობენ.

ემიგრანტების დამხარების მოტივით წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი პლატფორმა შეიქმნა. სახელწოდება სიმბოლურად საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირეს. პლატფორმა "26'' - რამდენიმე საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შეიქმნა, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ახლა ისინი ემიგრანტების დასახმარებლად გაერთიანდნენ და თბილისიდან იზრუნებენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა მოახერხონ უბნებამდე მისვლა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი