"წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და "ოცნების" ოფისში წაიღეს" | თამარ კორძაია

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვეს და პარტიის ოფისში წაიღეს. 

ხოლო აჭარაში, კორძაიას თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მანქანა, მათ წარმომადგენლებს. 

კორძაიამ ბრიფინგზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

"არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები. მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა "ქართული ოცნება". 

22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ.

მეორე საკითხი (და ეს სახელისუფლო მანქანა უკვე მუშაობს ოპოზიციის და, განსაკუთრებით, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ) არის ის, რომ გუშინ ღამით, აჭარაში, ჩვენი წარმომადგენლები ე.წ. პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ გააჩერეს და სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მანქანა, რომელიც გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. ესეც არის აბსოლუტურად უკანონო ნაბიჯი და ხელისშეშლა, რადგან ჩვენი წარმომადგენლები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიდიოდნენ საარჩევნო ბანერების გასაკრავად აჭარაში. ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო მისიასთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ყველა ამ ფაქტის შესახებ მივაწოდებთ მტკიცებულებებს, მაგრამ დამატებით მათ ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას იმ კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში, სარგებლობენ ევროპული კეთილდღეობით, მაგრამ უკანონოდ ერევიან საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მის შედეგებზე, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. 

მინდა მივმართო ყველა ასეთ პირს: ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა სანქციების ქვეშ მოახვედრონ ყველა ის ადამიანი, ვინც "ქართული ოცნების" დავალებით ერევა და ინტერნეტ- კომუნიკაციის საშუალებით კრებს ხალხს, მათ მიმდევრებს და ცდილობს, დააშინოს საქართველოს მოქალაქეები, რათა არჩევნების შედეგები იყოს ისეთი, როგორიც უნდა "ქართულ ოცნებას". თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ არჩევნებამდე დარჩა 9 დღე და გამარჯვება ჩვენს მხარესაა. ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ თავისუფალი ნების არჩევანი საკუთარი და ჩვენი ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ბრიფინგზე თამარ კორძაიამ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი