"ერთადერთი ოპოზიციური ოფისია დედოფლისწყაროში და ამიტომ ვერ იტანენ ეტყობა" | კახეთში "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისის ბანერი მოიპარეს

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისის ბანერი მოიპარეს. შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ამ დრომდე დაუდგენელია დამნაშავე პირი, ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ოპოზიციის ოფისი დააზიანა.  კოალიციის წევრები პასუხისმგებლობას სახელისუფლებო პარტიას აკისრებენ და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

"გასაღების ბუდე იყო მთლიანად გადმოვარდნილი, ეტყობა შენგრევა უნდოდათ და შიგნიდან ურდულით იყო ჩაკეტილი და მაგიტომ ვეღარ შეანგრიეს. იძახიან გამარჯვებულები ვართო და ბანერების ბავშვური ხევა რაღაა..."  - აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მაია ცაკაშვილი.

დედოფლისწყაროში "კოალიცია ცვლილებისთვის" თავმჯდომარე ლევან ჯამალაშვილი ამბობს, რომ ოფისის მიმდებარედ დააზიანეს სათვალთვალო ვიდეოკამერაც.

"ბანერი მთლიანად მოგლეჯილი და წაღებულია. მანამდე სათვალთვალო კამერა იდგა, ელექტროენერგია გათიშეს და კაბელი გადაჭრეს. ერთადერთი ოპოზიციური ოფისია დედოფლისწყაროში და ამიტომ ვერ იტანენ ეტყობა." - განაცხადა ჯამალაშვილმა.

ამ ეტაპზე კოალიციის წარმომადგენლები ოფისის სათვალთვალო ვიდეოკამერის აღდგენას ცდილობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი