გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მკაცრდება კანონმდებლობა იარაღის შენახვისა და გამოყენების შესახებ, ასევე ცივი იარაღის ტარების აკრძალვის წესები.
საკანონმდებლო პაკეტს მხარი 361-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 290 წავიდა, ხოლო ცხრამ თავი შეიკავა.
პაკეტი ითვალისწინებს შეღავათების შემცირებას თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა.
დამატებითი კენჭისყრის დროს ასევე დამტკიცდა კანონპროექტი ტერორიზმთან ბრძოლის გაუმჯობესების შესახებ. კანონი საგამოძიებო ორგანოებს ანიჭებს მეტ უფლებამოსილებას ისლამისტურ ექსტრემიზმთან ბრძოლაში.
ბუნდესტაგის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი გერმანიის პარლამენტის მეორე პალატამ, ბუნდესრატმა უნდა მიიღოს.