სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ქართული ოცნების მორიგ პროვოკაციას უწოდებს "ენმ"-ს მიერ დღეს გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ვინმე გიორგი ნოზაძე მათი საოლქო კომისიის წევრებს რეგიონებში ურეკავდა და არჩევნების ჩაშლას დ რევოლუციურ სცენარს სთავაზობდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა არჩევნების წინ რევოლუციაზე ლაპარაკი ქართული ოცნებისთვის უკვე ტრადიციაა, გარდა ამისა, მათივე თქმით, ერთადერთი ვისაც ახლა არეულობა აწყობს, სწორედ მმართველი ძალაა, რადგან ივანიშვილმა და მისმა პარტიამ იცის, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, ხელისუფლებას დაემშვიდობება:
"მე არ ვიცი რომელ ქვეყანაში აწყობენ საოლქო კომისიები რევოლუციებს. მათ სახვა ფუნქცია აქვთ, მაგრამ არ მიკვირს თუ ასეთი ზარები ხორციელდება. ყველა არჩევნების წინ, მე მახსოვს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრული საქმეები, რომლებიც მომდევნო არჩევნებამდე თაროებზეა შემოდებული - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქართული ოცნება კიდევ ბევრ პროვოკაციას მოაწყობს და "ძალადობაზეც არ იტყვის უარს". თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველა ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდიან.
"როგორი მენტალიტეტიც აქვს ქართულ ოცნებას ისე აპირებენ არჩევნებზე მუშაობას. ერთის მხრივ, არჩილ თალაკვაძე გვესაუბრება თითქოსდა აპირებენ კანონმდებლობის გამკაცრებას არჩევნებზე მანიპულირებისა, ხოლო მეორეს მხრივ ასეთ მეთოდებს მიმართავს სუს-ი... ეს ყველაფერი დამთავრდება 31 ოქტომბერს, არანაირი რევოლუცია, ლეწვა და მტვრევა არ იქნება, რითაც მათ ხალხის შეშინება სურთ- ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე
"ჩვენ ვხედავთ რომ რეალურად ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს. ის არის ალბათ იმის იმედზე, რომ დამკვირვებლების ძალიან ცოტა რაოდენობა ჩამოვა კოვიდ 19-თან დაკავშირებით და ამით ხელ-ფეხი გაეხსნებათ წინასაარჩევნო ძალადობისას - ამბობს "ლელო საქართველოს" წევრი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე.
თინათინ ბოკუჩავას მიერ, დღეს გასაჯაროებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ დაინტერესებულან.
ბოკუჩავას თქმით, ტელეფონი, საიდანც ვინმე გიორგი ნოზაძე რეკავდა, რეალურად რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე. თავის მხრივ ჯანხოთელი ცენტრალური საარჩევნო კომიისიის საძიებო სიაში არ იძებნება.