ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მოადგილემ, თათია ნიკოლაიშვილმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათივე თქმით, "ოცნების" დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები.
მჟავანაძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მოპარვას კრიმინალების მეშვეობით ცდილობს. საუბარია მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებზე, რომლებიც "ოცნებამ" ციხიდან გაათავისუფლა.
"ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე ნონიაშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე ჰქონდა სასჯელი და სამუდამო პატიმრობას იხდიდა და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუშვა.
ასევე არის ვინმე გიორგაძე, რომელიც ასევე დამნაშავეა და რამდენჯერმეა ნასამართლევი და სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით ის ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები, თუმცა ეს სია არის უფრო დიდი, ვიდრე ეს რამდენიმე ადამიანია.“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
თათია ნიკოლაიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ არ შევიდნენ "ოცნების" ზონდერებთან დაპირისპირებაში და თავისუფლად გააკეთონ არჩევანი:
„ბიძინა ივანიშვილი მარცხდება გურიაში და ამაზე მიუთითებს მათთვის თავგამოდებული ჩხარტიშვილი და ჩიგოგიძე, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, ეს კრიმინალი ზონდერები და მოჭიდავე ადამიანები ჰყავს ჩამოყვანილი კონკრეტულად გურიაში იმისთვის, რომ იძალადონ ადამიანებზე.
ნონიაშვილი, რომელიც იყო გლდანის მაყურებელი და პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და საზოგადოებაში კარგად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩიგოგიძის მიერ არის ის გამოშვებული. ასევე გეგეშიძეები, რომლებიც ცნობილი კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ, სრული მობილიზება აქვთ გურიაში ამ ადამიანებს, მათ შორის როყვა და ასევე ირაკლი დოლიძე, იგივე დოლა.
მინდა მივმართო გურულებს და საერთოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ შეეშინდებათ, აიღონ ფული, ნუ შევლენ დაპირისპირებაში, მთავარია, რომ ადამიანები, როდესაც მივლენ საარჩევნო უბნებზე, მხოლოდ მათ ეცოდინებათ, რა არჩევანს გააკეთებენ.“- განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.