1975 წელს დაბადებული ალუდა ჯანხოთელის სახელზე რეგისტრირებული მობილურის ნომრით ზარი "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის ტელეფონში გუშინ შევიდა. 6 რაიონის საოლქო კომისიაში პარტიის კვოტით წარდგენილ წევრებს, უცხო პიროვნება სახელითა და გვარით - გიორგი ნოზაძე, ენმ-ს წარმომადგენლად გაეცნო და პარტიული დავალებები გასცა. ინსტრუქციები პარტიის წევრებისთვის უჩვეულოდ საეჭვო აღმოჩნდა, სათაო ოფისში გადამოწმებისას კი გაირკვა, რომ გიორგი ნოზაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" საერთოდ არ მუშაობს და ტელეფონზე უცხო პირმა დარეკა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან საეჭვო ზარს მალევე გამოეხმაურნენ პარტიაში. თიკა ბოკუჩავამ საგანგებო განცხადებით საგამოძიებო უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა. პარტიაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციას ამზადებს და ოპონენტების მხრიდან ცრუ რევოლუციური სცენარის შექმნით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
ირკვევა, რომ პირი, ვის სახელზეც მობილური ტელეფონის ნომერია გაფორმებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში საერთოდ არ იძებნება. მეტიც, ტელეფონის ნომერი, საიდანაც საოლქო კომისიის წევრებზე ზარი განხორციელდა, ახლა საერთოდ მიუწვდომელია.