მოსყიდვა-დაშინება სამეგრელოში | წითლიძე ახალ გვარებსა და შემთხვევებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ სამეგრელოში მოსყიდვა-დაშინებაში მონაწილე პირები დაასახელა.

წითლიძის თქმით, რამდენიმე შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში, ჯვარში, ზუგდიდსა და მარტვილში. წითლიძის თქმით, საარჩევნო დარღვევებში მონაწილეობენ როგორც კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, ისე საჯარო მოხელეები: 

"ერთი ეს არის ავთანდილ ღურწკაია, რომელიც არის კრიმინალური დაჯგუფების წევრი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში ატერორებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და ცდილობს მათ წაართვას პირადობის მოწმობები. 

მეორე არის კახა ფიფია, რომელიც არის ასევე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, ამ შემთხვევაში ხელისუფლების აგენტი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში პირადობის მოწმობებს ძალის გამოყენებით ართმევს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს. 

ასევე მარტვილის ერთ-ერთ სოფელში ზურაბ ჯიჯელავა, ეს არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ატერორებს ადგილობრივებს და ცდილობს მათგან პირადობის მოწმობების წართმევას. 

ასევე ზუგდიდში გიზო ჭეჟია და ბორის კილასონია, ე.წ. „კაი ბიჭები“, რეალურად კი ხელისუფლების აგენტები. " აღნიშნა წითლიძემ.

ენმ-ის წევრი დასახელებულ პირებს დღეს საღამოს 19:00 საათამდე აძლევს ვადას:

"რაც გაქვთ წაღებული თქვენ იცით და დააბრუნეთ, რადგან ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორ ახდენთ საქართველოს მოქალაქეების ტერორს, სხვა შემთხვევაში იცოდეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება, ამიტომ როგორც აიღეთ ის პირადობები, ისე დააბრუნეთ უკან საქართველოს მოქალაქეებთან. 

ვიმეორებ, გვაქვს აუდიო ჩანაწერები, მათ შორის ავთანდილ ღურწკაია, ე.წ. „ლისი“, რომელიც არის დათო შენგელიას კრიმინალური დაჯგუფების წევრი, ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და ოპოზიციის ამომრჩეველს. ჩვენ ეს მტკიცებულებები გადაცემული გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ექნება ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ეს ადამიანები კონფიდენციალურობის დაცვით ისაუბრებენ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ სამეგრელოში ტერორით წაართვათ ადგილობრივებს პირადობები, რადგან მეგრელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ თქვენ დასრულდებით 26 ოქტომბერს.“ - განაცხადა ანა წითლიძემ. 

მისივე ცნობით, ამ დრომდე 200-ზე მეტი უკანონოდ ჩამორთმეული პირადობა დაუბრუნეს მოქალაქეებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი