საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი დღეს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩხრეკებზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკული ტექნოლოგიური მომსახურების კომპანიის, Concentrix-ის ადგილობრივი ოფისები და ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის, Atlantic Council-ის 2 თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა.
"ჩხრეკა ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, უბრუნდება თუ არა სამხრეთ კავკასიის ქვეყანა მოსკოვის ორბიტას, თუ ინარჩუნებს თავის ტრადიციულ პროდასავლურ ორიენტაციას," - წერია Reuters-ის სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოთხი მთავარი ოპოზიციური პარტია "ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამორთმევას ისახავს მიზნად, ხოლო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მოგების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებს.
Reuters-ი წერს, რომ თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მაისში "ქართულმა ოცნებამ" "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი მიიღო.
დღეს დილიდან თბილისში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამერიკულ კომპანიაში, გაჩხრიკეს "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის - გიორგი ნონიაშვილის სახლები, ხოლო ქუთაისში ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. ფინანსურმა ყველა ლოკაციიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღონ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩხრეკა 3 სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.