"წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამო" | ISFED

გამოქვეყნდა:

"სამართლიანი არჩევნები" 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს.  ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს ხელისუფლების დეზინფორმაციულ და ანტიდასავლურ წინასაარჩევნო რიტორიკას, ასევე რიგი უწყებების, მათ შორის კომუნიკაციების კომისიის  მიკერძოებულ დამოკიდებულებას ქართული ოცნების სასარგებლოდ: 

"წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამო. ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის სააგიტაციო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. 

წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო ჩამორთმევის ფაქტებმა, რაც წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას; და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვებამ. 

კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები.

საპარლამენტო არჩევნებს წინ უძღოდა საარჩევნო კანონმდებლობაში შესული არაერთი ცვლილება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განხორციელდა დაჩქარებულად და ჩართული მხარეების სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე. განხორციელებულ ცვლილებებს შორის აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის გაუარესება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო კვორუმის კვალიფიციური უმრავლესობიდან უბრალო უმრავლესობამდე დაწევა, გენდერული კვოტირების გაუქმება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრების ვადის ცვლილება. 

ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციის მიუხედავად, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრობის კანდიდატებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით, არჩევა.

ცვლილებებით, ასევე, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელსაც ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან ირჩევდნენ. 2024 წლის 30 აპრილს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და სამი წევრი უბრალო უმრავლესობით აირჩია.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა კრიტიკულ მედიასაშუალებებთან მიმართებით.

არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით არსებული დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში. სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და წინა წლებში, ძირითადად, ანტიდასავლურ გზავნილებს, კერძოდ კი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებდა, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა." ნათქვამია ანგარიშში.

სრულად

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი