"ეს არჩევნები საბედისწეროდ მნიშვნელოვანია" | სადგურებში რეგიონში წამსვლელთა რიგებია, მოქალაქეებს ტრანსპორტირებაში "პლატფორმა 26" და მოხალისე მძღოლებიც ეხმარებიან

გამოქვეყნდა:

ქვეყანა ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. რეგიონებში რეგისტრაციის მქონე ამომრჩეველი საკუთარი საარჩევნო უფლების გამოსაყენებლად დედაქალაქიდან მიემგზავრება. მეორე დღეა თბილისის ავტოსადგურებში რიგებია, ბილეთებზე კი დეფიციტი შეიქმნა.

ხალხის ნაკადი არ წყდება დიდუბის ავტოსადგურშიც. რეგიონებში გამგზავრებას გეგმავენ არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებელი, არამედ არჩევნებისთვის სპეციალურად ჩამოსული ემიგრანტებიც.

"ჩამოვედი ხმის მისაცემად ისრაელიდან, იყო ინფორმაცია რომ შეიძლება ვერ გახსნილიყო უბანი, ხმის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის," - აცხადებს ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქე.

"საზღვარგარეთიდან სპეციალურად ჩამოვფრინდი ხვალინდელი დღისთვის. საბედისწეროდ მნიშვნელოვანია. ცვლილებები აუცილებელია, როდემდე უნდა იყოს ქვეყანა მორგებული კოსტიუმივით." - აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.

მთავარი არხი გაესაუბრა სხვა მგზავრებსაც, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიემგზავრებოდნენ. თითქმის ყველა მათგანი აცხადებდა, რომ დღეს გამგზავრების მიზეზი, სწორედ არჩევნებია.

რეგიონებში გამგზავრებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს მოქალაქეებმა თვითორგანიზებით უპასუხეს. შეიქმნა პლატფორმა 26,  რომელიც  ტრანსპორტის მობილიზებას ახდენს  ამომრჩევლების რეგისტრაციის ადგილზე ჩასვლის უზრუნველსაყოფად. ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგიონების მიმართულებით  უკვე წავიდა რამდენიმე ავტობუსი. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

"ახლა თუ არ დავაფიქსირებთ ამას, მერე ძალიან გაგვიჭირდება რაღაც შევცვალოთ. ყველას ვურჩევდი რომ დააფიქსიროს თავისი ხმა. ძალიან მიხარია რომ ნაკადი არ წყდება"

"ჩვენი ბედი წყდება - საქართველოს ბედი, გვინდა ევროპა და პროგრესი..." - აცხადებენ მოქალაქეები.

მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ კრიტიკული ამომრჩევლის გადაადგილებაზე პრობლემების შექმნა შესაძლოა მიზანმიმართულადაც ხდება.

"სატრანსპორტო კოლაფსი იყო ფაქტობრივად შექმნილი, ვერ გვეუბნებოდნენ იქნებოდა თუ არა ტრანსპორტი რაც ეჭვებს აჩენს, რადგან ამ დღეებში პირიქით უნდა იყოს მობილიზება. თუმცა ალბათ ესეც ონების ერთ-ერთი მეთოდი და ხრიკია. მათ პარტაქტივის როგორც უნდა ჩაიყვანენ. მთავარია ჩვენ შეგვიქმნან პრობლემა კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს." - აცხადებს მოქალაქე.

 ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ტრანსპორტირების გარდა, რეგიონების მიმართულებით მიდიან მოხალისე მძღოლებიც მსუბუქი ავტომობილებით.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი