მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები გაიხსნა და ამომრჩევლებს დილის 8 საათიდან უკვე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

უკვე გამოჩნდნენ პირველი ამომრჩევლებიც.  

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3 113 747 ამომრჩეველს შეეძლება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლისი წესით, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

ცესკო-ს ცნობით, წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ახალგაზრდა, რომელიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე გახდა.

ამასთან, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

კენჭისყრა საღამოს 20 საათზე დასრულდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი