მოვუწოდებ მარნეულის საოლქო კომისიას სასწრაფო წესით გაერკვეს სიტუაციაში | კალანდარიშვილი ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

გამოქვეყნდა:

მარნეულის 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  გამოეხმაურა. გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს სწრაფად მოიწვიოს კომისიის სხდომა, გაერკვეს სიტუაციაში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს.

"ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში  იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალხნიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ. მე მინდა მოვუწოდო და მივმართო მარნეულის საოლქო კომისიას სასწრაფო წესით გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მინდა ვთხოვო სამინისტროს რომ სწრაფ ტემპში განხორციელდეს ღონისძიებები. ყველა ასეთი შემთხვევა შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს და ინსტიტუციის რეპუტაციას," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

კალანდარიშვილი ბაღდათში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, სადაც ამომრჩეველმა, რომელიც ხმის მისაცემად იყო მისული, საარჩევნო აპარატურა დააზიანა და საარჩევნო პროცესი შეაფერხა. კალანდარიშვილის თქმით, კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე.

ამასთან, კალანდარიშვილი გამოეხმაურა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ფარგლებში სამოქმედო არეალში რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ვერიფიკაციის აპარატებში ხორციელდება ხმების ჩაწევა. მისი თქმით, ეს დეზინფორმაციაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი