"ვერ ვუკავშირდები შს მინისტრს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს" | პრეზიდენტი გომელაურის უწყებას ინციდენტებზე უფრო სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ინციდენტებისას უწყების რეაგირება უფრო სწრაფი იყოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვერ უკავშირდება და არ მუშაობს სამთავრობო ხაზი. სალომე ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებზე დაფიქსირებულ მაღალ აქტივობას და მოქალაქეებს მოუწოდა რომ ეს აქტიურობა დღის მეორე ნახევარშიც შეინარჩუნონ.

"მე მინდა მივმართო ჩვენ მოქალაქეებს და ვუთხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო თუ რამდენად მაღალია აქტივობა. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და საჭიროა რომ გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარშიც. არაჩვეულებრივი აქტივობაა საზღვარგარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ იქ პირობები მძიმე და რთულია, თანამემამულეები აქტიურად მიდიან და მათ ძალიან დიდი მადლობა.

მინდა აღვნიშნო ძალადობის ის ფაქტები, რომელიც საქართველოში სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიას დაუნგრიეს აპარატურა, ხან კი პირდაპირი ძალადობაა. შეკრებილი არიან ჯგუფები, რომელთა ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა მოხდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, ესაა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, არავინ შეშინდეს ამით. მე მინდა მივმართო შს მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, არ შეიძლება იყოს ამ ტიპის დაძაბულობა საარჩევნო უბნებზე, ეს არ გვეკადრება. დიდი მადლობა მედიას, რომელმაც არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს, მით უმეტეს ქალებმა.

არ დაიზაროთ, წადით არჩევნებზე და გადაწყვიტეთ ჩვენი ქვეყნის ბედი. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

არჩევნები 2024 | მთავარის სპეცეთერი [მთავარი 15:00 საათზე]
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი