"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თითოეულ ხმას დაიცავენ, რადგან, მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი დაცული უნდა იყოს.
"გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ის ფანჯარაა, რომელიც ახლა არის ღია საქართველოს მოქალაქეების წინაშე და ვაფასებთ იმ ჯაფას, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც მათ გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის. არ ვაპირებთ ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი", - ამბობს ანა დოლიძე.
კოალიციის წევრების განცხადებით, ისტორიულად დიდი აქტივობა იმისთვის არ ყოფილა, რომ ეს არჩევნები გაყალბებულიყო. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეეის ხმების დაცვას გააგრძელებენ.
"ის, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების, დაშინებისა და ათასგვარი სრულად არაკანონიერი ინსტრუმენტების გამოყენებით მიღებული შედეგი. ის ვერ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნების ამსახველი. ჩვენ გვავალდებულებს ის მხარდაჭერა, რაც მივიღეთ, რომ გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა და ჩვენ ამას ვახორციელებთ ამ კონკრეტულ მომენტში", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.