საქართველოს პროევროპული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები მოპარულია, რადგან მასში "ქართული ოცნება" ლიდერობს - ამ სათაურით აქვეყნებს BBC სტატიას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მზარდად ავტორიტარული მმართველი პარტია თავს გამარჯვებულად აცხადებს, მას შემდეგ რაც ცესკოს წინასწარმა შედეგებმა ქვეყნის ევროპული გზის მომავლის განმსაზღვრელ არჩევნებში, "ქართული ოცნების" აშკარა ლიდერობა აჩვენა.
მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 72%-იანი დათვლის საფუძველზე 53%-ს იკავებს.
ცესკოს წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდება დასავლელი კომპანიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისგან. როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა, დარწმუნებული არიან, რომ "ქართველი ხალხს ხმები მოჰპარეს".
"ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო "კონსტიტუციური გადატრიალება"“.
ეგზიტპოლების თანახმად, გამარჯვება მოიპოვა როგორც ქართულმა ოცნებამ, ასევე ევროკავშირის მომხრე ოთხმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც ცდილობენ დაასრულონ ოცნების12 წლიანი ხელისუფლება.
BBC მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასაც ეხმაურება.
როგორც BBC წერს არჩევნებზე 2000 დამკვირვებლის კოალიციამ, სახელწოდებით "ჩემი ხმა", განაცხადა, რომ ხმების გაყალბებისა და ძალადობის მასშტაბებიდან გამომდინარე, არ სჯერათ, რომ წინასწარი შედეგები "ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას".
ოპოზიცია, ამ არჩევნებს, რომელზეც მაღალ ფსონებს დებდნენ, აფასებდა როგორც ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს. 1991 წელს დამოუკიდებლობისთვის გაკეთებული არჩევანის შემდეგ ბევრისთვის სწორედ ეს არჩევნები იყო ყველაზე გადამწყვეტი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გასულ დეკემბერში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა, ევროკავშირმა ეს ნაბიჯი "დემოკრატიული უკანდახევის" გამო გაყინა. დემოკრატიულ უკანდახევის მაგალითია, რუსული სტილის "უცხოური გავლენის" კანონი, რომლის სამიზნეც დასავლეთიდან დაფინანსების მიმღები ჯგუფებია.
BBC-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა სულ უფრო ანტიდასავლური ხდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ მეოთხე ვადით შესაძლოა ქვეყანა ისევ რუსეთის ორბიტაში გაიყვანოს.
"არჩევნების დამკვირვებლებმა ქვეყნის მასშტაბით მთელი რიგი დარღვევების შესახებ გააკეთეს განცხადებები, დაწყებული საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრით, ამომრჩევლების დაშინებამდე. კენჭისყრის წინა დღეს, ქართულმა სადამკვირვებლო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე. კრემლი უარყოფს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და ამის ნაცვლად ამტკიცებს, რომ ჩარევის "უპრეცედენტო მცდელობა" დასავლეთს ჰქონდა." - ნათქვამია სტატიაში.