დმანისში, ხმის მიცემის პროცესმა, წინა არჩევნებთან შედარებით, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მაგრამ, მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა დაშინების მასშტაბური კამპანია იდგა, რომელიც სუს-მა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთობლივად ჩაატარეს.
დმანისში 50 საარჩევნო უბანია, საიდანაც 27 ელექტრონული, 23 კი ტრადიციულია. წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებასთან ერთად არჩევნების დღეს, პროფესიით რეჟისორი კაცის, ლაშა ჩხვიმიანის ფუნქცია, ოც სხვადასხვა უბანში გადანაწილებული ISFED-ის დამკვირვებლების დროებით ჩანაცვლება იყო, რათა მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეთორმეტე პუნქტში წერია: - "დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა”, თუმცა დმანისის ნებისმიერ სოფელში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, საარჩევნო უბნებთან უამრავი ადამიანი ირეოდა.
საარჩევნო უბნებთან ჩასაფრებული კოორდინატორები, რომლებიც ითვლიან იმ ამომრჩეველს, რომელთა ნებაზეც მოსყიდვითა თუ დაშინებით კონტროლი აქვთ დამყარებული, უკვე მრავალი წელია ქართული არჩევნების მოურჩენელი სენია. ეს პრობლემა მარადიულია, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საარჩევნო უბნებთან შეკრებილი ხალხის გაძევებასა და კანონის დაცვას საკუთარ მოვალეობად თვლის.
დმანისისა და ბოლნისის საარჩევნო უბნებში ასეთი სურათი ჩვეულებრივი ამბავი იყო რაზეც დამკვირვებლები დიდ ყურადღებას არ ამახვილებდნენ.
საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე, სამართლიანი არჩევნების მონიტორებს დმანისში 20 უბანში სადაც ისინი არჩევნებს აკვირდებოდნენ, მხოლოდ 5 დარღვევა ჰქონდათ დაწერილი.
ვრცლად, დმანისში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, იხილეთ გიორგი გვიშიანის სიუჟეტი: