"სიმართლე ივანიშვილის მხარეს არ არის... მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრეზიდენტთან კონსულტაციების დაწყებამდე მედიასთან საუბრობს.
ქართველი ხალხის ნება არ არის ასახული. საერთოდ. აქ ბევრი საუბრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, არჩევნები გადაიწერა, არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არ იყო არჩევნები. თუ ვინმეს სჯერა, დედოფლისწყაროდან დაწყებული, ყაზბეგით დამთავრებული, თბილისით დაწყებული, ხულოთი დამთავრებული, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ქვეყანაში 60% მხარდაჭერა აქვს, გაეზარდა მხარდაჭერა თითქმის 20%-ით უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ასეთ ადამიანებთან კამათს აზრი არ აქვს და მადლობა ღმერთს, ასეთი ხალხი არის ძალიან მძიმე უმცირესობაში. პარლამენტში არ იქნება "კოალიცია ცვლილებისთვის" არც ერთი წარმომადგენეილი. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის სანოტარო ბიურო, რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ არის სანოტარო ბიურო.
ეს პარლამენტი უნდა გახდეს ერთპარტიული, კომუნისტური ყაიდის პარლამენტი თავისი ფორმითაც, შინაარსითაც ისედაც ასეთი იყო. დარწმუნებული ვარ რომ სხვა ოპოზიციონერი ჩვენი კოლეგებიც, ანალოგიურად, მჯერა რომ ასე მოიქცევიან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საზოგადოებისგან უახლოეს პერიოდში. სიმართლე მის მხარეს არ არის. მან მოისწრაფა საკუთარი ძალაუფლება, ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე მას ჰგონია, - ამბობს ნიკა მელია.