გლდანია, მე-60 საარჩევნო უბანი - ხელჩართული ჩხუბი და პროვოკაციები მთელი დღის განმავლობაში.
"ქართული ოცნებისთვის" ეს უბანი გარდამტეხი იყო და პროვოკაციები აქ ხშირად ეწყობოდა. მთავარი პროვოკატორი კი "ოცნების" აგიტატორი შაკო კუჭაშვილი იყო, რომლის 1 ზარიც კი საკმარისი იყო, რომ საარჩევნო უბანთან ეს ე.წ ქუჩის ბიჭები მობილიზებულიყვნენ, რომლებიც სუს-ის მიერ არიან მართულნი. "ოცნების" დაჯგუფება უპირისპირდებოდა ყველას, მათ შორის დამკვირვებლებს, რომლებიც მოქალაქეების ხმებს იცავდნენ. ასეთივე ვითარება იყო თბილისის ბევრ უბანზე, მათ შორის ისანში, სადაც ვითარება უკიდურესად რამდენჯერმე დაიძაბა.
ამავე საარჩევნო ოლქში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ამავე დაჯგუფებამ ისე სცემა, რომ ქალს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ხელჩართული ჩხუბის დროს სუს-ის მიერი მართულ ე.წ ქუჩის ბიჭებს ჯიბეებიდან დანები სცვიოდათ, პოლიცია კი ამ შემთხვევაშიც ფაქტობრავად არ რეაგირებდა.
საარჩევნო უბნის გარეთ თუ შიგნით მობილიზებულები იყვნენ მართული ტიტუშკები. ისინი "ოცნებას" ლობირებდნენ და საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების ხმების მობილიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ.
დაპირისპირება და ხმაური იყო მარნეულშიც, სადაც ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რომ საარჩევნო უბანზე დარღვევებს აფიქსირებდნენ და ამაზე ღიად მიუთითებდნენ კომისიის წევრებს. ოცნების ბიჭები ფიზიკურად უსწორდებოდნენ საკრებულოს წევრებსაც.
ამ მხრივ არც ზუგდიდი გამოირჩეოდა, სადაც ჩხუბი რამდენჯერმე მოხდა. ოცნების სუსის მიერ მართული ტიტუშკები უსწორდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც თავისუფალი მოქალაქეების ხმებს იცავდნენ.
ტიტუშკების საარჩევნო უბნებზე მობილიზების პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით ოცნებამ ისევ კარგად გაწვრთნილი ე.წ კოორდინატორები გამოიყენა. ადამიანები, რომლებიც სიებით ხელში მობილიზებულები არიან და აკონტროლებენ ვინ მიდის არჩევნებზე, უმეტესი მათგანი სახეს მალავდა და საკუთარი ვინაობის ალბათ იმ წუთებში როდესაც კამერა უხებდა სცხვენოდა თუმცა დავალებას მაინც პირწმინდად ასრულებდა.