რთულია, ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მივიჩნიოთ, მოვითხოვთ სასწრაფოდ ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება | ლიეტუვის საგარეო

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული  ლიეტუვისთვის რთულია, ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანადად მიიჩნიოს.

"საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეინიშნებოდა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტები და სისტემური დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ისე არჩევნების დღესაც. ეს მოიცავს ბრალდებებს ხმების ყიდვასთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნებთან ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის, თავდასხმებსა და დაშინებას დამოუკიდებელი დამკვირვებლების წინააღმდეგ, მოქმედებებს მედიის მუშაობის შეზღუდვის მიზნით, და ა.შ. თუმცა, ჩარევის ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მასშტაბურ თავდასხმებს, საარჩევნო კამპანიაში დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებასა და საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხება.

ეს დარღვევები აღნიშნულია მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ. ამ დარღვევების მაგნიტუდა და სისტემური ბუნება, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგებს შორის, ამ არჩევნებისა და მათი საბოლოო შედეგების ლეგიტიმურობას სერიოზული კითხვის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე.

ამ ფონზე, ლიეტუვისთვის რთულია, ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მივიჩნიოთ.

ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს პატივი უნდა სცენ. ნებისმიერი მცდელობა, ძირი გამოეთხაროს ამ უფლებებს სრულად მიუღებელია. ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ ჩატარდეს ამ არჩევნებსა და მის განმავლობაში ყველა მოხსენებული დარღვევის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.

საქართველოს პარლამენტის მიერ ღრმად საკამათო [რუსული] კანონის მიღების გამო, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკვე შეჩერდა. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მმართველ პარტიასა და მის ლიდერებს ეკისრებათ.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტს შეწყვეტილს, ხოლო საქართველოს მთავრობის მიმართ ფინანსურ დახმარებას გაყინულს დატოვებს. უფრო მეტიც, არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებზე დამატებითი შემაკავებელი ზომები შეფერხების გარეშე უნდა იყოს განხილული.

ლიეტუვა გააგრძელებს ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან ერთად დგომას. ჩვენ ასევე ურყევად განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი