"იყო სერიოზული დარღვევები... ეს არჩევნები მოპარულია" | სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ DW-სთან

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი საერთაშორისო მედიის კითხვებს პასუხობს. "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ხალხს სურს, შეინარჩუნოს თავისი ევროპული გზა და ყველა გამოკითხვა ამას ადასტურებს. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არასდროს გმობენ არჩევნების შედეგებს ასე მცირე ხნის შემდეგ არჩევნების ჩატარებიდან, რადგან მათ ჯერ უნდა მიიღონ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ადგილობრივი მისიები კი მკაფიოდ აცხადებენ, რომ იყო სერიოზული დარღვევები. მე მივიღე ინფორმაცია გაყალბების რამდენიმე სახის დახვეწილ მეთოდზე, რომლებიც იქნა გამოყენებული და ამან მიბიძგა იმ განცხადების გაკეთებისკენ, რომელიც გუშინ გავაკეთე. არჩევნების ეს ოფიციალური შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, მათ შორის პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც აჩვენებს, რომ საზოგადოება უჭერს მხარს პროევროპულ ძალებსა და ევროპულ გზას. ეს არჩევნები იქნა მოპარული და ვფიქრობ, ხალხი კიდევ გამოვა ქუჩებში და დაადასტურებს ამას. 

ჟურნალისტი: რატომ არ სურს ოპოზიციას, რომ იმუშაოს მმართველ პარტიასთან და შევიდეს მასთან კოალიციაში?

თქვენ ალბათ ხუმრობთ. "ქართული ოცნება" არ აპირებს არავისთან კოალიციის შექმნას, მათ დაიწერეს უმრავლესობა და აპირებენ, რომ ისევ უმრავლესობით მართონ ქვეყანა. მათ იმედი ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების, რის შემდეგაც აპირებდნენ ჯერ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, შემდეგ ოპოზიციონერების ციხეში ჩასმას. მე არა მგონია, ეს კოალიციის პროგრამა იყოს. კოალიციის პროგრამა ჰქონდა პროევროპულ ძალებს. ჩემი წინადადება იყო, რომ ოთხ პროევროპულ პარტიასთან ერთად შემექმნა ტექნიკური მთავრობა, რომელიც იქნებოდა გარდამავალი ეტაპი კოალიციის შექმნისთვის. ეს შესაძლებლობა მმართველმა პარტიამ არ მოგვცა და მათ სხვა გზა, აირჩიეს მათ აირჩიეს დიქტატურა.

დღევანდელი საპროტესტო აქციით მე პირადად არაფრის მიღწევას არ ვცდილობ. მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხის ნება იქნა მოპარული. ქართველ ხალხს მიათრევენ ისეთი მმართველობისკენ, რომელიც რუსულ მმართველობას უფრო ჰგავს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიას. ეს კურსი თუ არ შეიცვალა, ხალხი ქვეყანას დატოვებს და ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იქნება დიდი საფრთხის ქვეშ.

ვფიქრობ, არსებობს ბევრი სხვადასხვა სტრატეგია, რათა ამ პროტესტმა შედეგი გამოიღოს. ჩემი ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გარკვეული გეგმები, მათ შორის ახალი არჩევნების მოთხოვნის, რომლებიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ომი უნდა. ჩვენ საკმაოდ ბევრი ომი გადავიტანეთ რუსეთთან და ვიცით, რა არის ეს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება რუსეთთან ომი დაიწყოს, ეს არის თავად რუსეთი და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის შიდა სტაბილურობა, დემოკრატია და ევროპისკენ სვლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი