"ვუერთდებით მოწოდებებს არჩევნებზე დარღვევების სრული გამოძიების შესახებ... ჩვენ წელს მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და ევროატლანტიკურ გზას დაბრუნებოდა. არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საუბრობს. ყოველდღიური ბრიფინგი დღეს მან სწორედ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებით გახსნა და საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზეც ვრცლად ისაუბრა.
მილერის თქმითვე, შეერთებული შტატები საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს უერთდება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა სრულად უნდა გამოიძიონ: "მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, განიხილონ ის ურთიერთობა, რაც ევროპის საზოგადოებასთან სურთ, ვიდრე გაამკაცრონ ავტორიტარების მიერ ნაქები პოლიტიკა".
მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებთან აქვთ კონსულტაციები, როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად - "მე არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად" - თქვა მეთიუ მილერმა.
დღევანდელ ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია სურს.
"საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით", - თქვა მან.