"დღეს ჩვენ ცესკოსგან მოვითხოვეთ კომპანია "სმარტმატიკითან" [კომპანია, რომლის აპარატებითაც არჩევნები ჩატარდა] გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა და ყველა ის ცვლილებები, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რომ ეს გახდეს საჯარო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს" - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე და დააზუსტა, რატომ აქვს მნიშვნელობა კონტრაქტს პირობების გასაჯაროებას.
როგორც გახარია ამბობს, მათ ცესკოს მიმართეს 2 მილიონ 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეამოწმონ სად და რომელ საათზე მისცეს ხმა. გახარიას თქმით, ეს ბაზები ამჟამად ცესკოს განკარგულებაშია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ დროს წაიშალოს, რასაც შემდეგ სავარაუდოდ, "სმარტმატიკთან" გაფორმებული კონტრაქტით ახსნიან. ამიტომაც, გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს ეს ინფორმაცია.
მისივე განცხადებით, ინფორმაცია არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, როგორც ამას ცესკო დღეს ამტკიცებდა:
"გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ დღეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონ 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა და მესამე - რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა და მისცა ხმა. დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს რაღაცნაირად პირად მონაცემებს, ან კანონს არღვევს.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ცესკოს - არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე." თქვა გახარიამ.
მისი თქმით, ამ მონაცემების გამოქვეყნება პასუხს გასცემს შეკითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი მანიპულაციებს.