"ეს იყო რუსული სტილის სპეცოპერაცია... ახლა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით" | სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან

გამოქვეყნდა:

"ეს იყო რუსული სტილის სპეცოპერაცია... ახლა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს. 

- ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ უწოდეთ ამ არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია, რუსული არჩევნები. თქვენ ასევე ისაუბრეთ რუსეთის ინფილტრაციაზე საქართველოში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქ ენი აზრით რუსეთი პირდაპირ ჩაერია ამ არჩევნებში?

- არ ვიცი. ამის თქმა რთულია, მაგრამ არჩევნების წინ მმართველი პარტიის პროპაგანდა ინსპირირებული იყო რუსული, პუტინის სტილის პროპაგანდით. როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო რუსული ოპერაცია, ვგულისხმობ იმ მეთოდებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა. ჩვენ ყველანი ველოდით გარკვეულწილად ამას, მაგრამ არა ამ მასშტაბებით.

- რამდენად გადამწყვეტია ეს მომენტი საქართველოში და რატომ უნდა დააკვირდეს მსოფლიო ამას ყურადღებით?

ეს არჩევნები გადამწყვეტია, რადგან ჩვენ აქ არ ვირჩევდით უბრალოდ ერთ პარტიას ნაცვლად მეორისა. ამ არჩევნებში ჩვენ ხმას ვაძლევდით საქართველოს დაბრუნებას ევროპულ გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც შარშან კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. ყველაფერი მიდიოდა კარგად, მაგრამ შემდეგ მოხდა ამ რუსული კანონების შემოტანა, რასაც მოჰყვა საზოგადოების მწვავე რეაქცია. ამის შემდეგ კი ყველა ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ თუ საქართველო არ გააუქმებდა ამ კანონებს და თუ არჩევნები არ ჩატარდებოდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ ქვეყანა ვერ წაიწევდა წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

- რას ელით საპროტესტო აქციებისგან?

- ვფიქრობ, მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა გზით წავლენ და ისინი ზუსტად ისე უნდა მოიქცნენ, როგორც რუსული კანონის გაპროტესტებისას. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის ნება და მათი ნებაა ევროპული მომავლის შენარჩუნება.

- თქვენ რამდენიმე კვირა დაგრჩათ ამ თანამდებობაზე. როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ახლა?

სწორედ ამიტომ იყო ეს არჩევნები გადამწყვეტი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართველ ხალხს თავისი ნება გამოეხატა. ახლა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი