გაყალბებული არჩევნები საქართველოში | კადრები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ მასშტაბურ დარღვევებს ადასტურებს

გამოქვეყნდა:

მოქალაქეებმა "მთავარ არხს" 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების არაერთი ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულება მოაწოდეს. მათ შორის ერთ-ერთია კადრები ქუთაისიდან, რომელიც მისი ავტორის ცნობით, 26 ოქტომბერს, ნიკეას ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის სიახლოვეს გადაიღო. 

კადრში, სავარაუდოდ, "ოცნების" კოორდინატორების აქტივობაა ასახული, რომლებიც სპეციალური სიებით კორპუს-კორპუს დადიოდნენ და მოქალაქეების უბანზე გამოცხადებას ამოწმებდნენ. თუმცა, როგორც ვიდეოს ავტორი გვწერს, მისი ყურადღება ერთმა კადრმა მიიქცია, სადაც, სავარაუდოდ, ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემაა დაფიქსირებული. 

"ქართული ოცნების" კოოორდინატორები აქტიურები სხვა რეგიონებშიც იყვნენ. კანონისმიერი აკრძალვის მიუხედავად, ისინი სპეციალური სიებით საარჩევნო უბნებში ან მის სიახლოვეს იყვნენ და ამომრჩევლებს აღირცხავდნენ. დარღვევის დაფიქსირების შემდეგ კი ისინი თავის მართლებას სხვადასხვა ტყუილით ცდილობდნენ. 

დამკვირვებლების ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ანგარიშებს საარჩევნო კომისიის წევრებიც აწვდიდნენ. მაგალითად, მოგვაწოდეს თეთრიწყაროს ერთ-ერთ უბანზე გადაღებული ვიდეო, სადაც მოსაუბრე არ ჩანს, თუმცა, ავტორის მტკიცებით, ის კომისიის წევრი იყო და პარტიულ ხელმძღვანელს პერიოდულად უყვებოდა, ვინ მივიდა "ოცნების" გასაფერადებლად.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, ფარულობის დარღვევაა. არაერთი ფოტო და ვიდეო არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხმის მიცემის კაბინაში ერთის ნაცვლად რამდენიმე ამომრჩეველი იყო. დამკვირვებლების ინფორმაციით, ბევრი შემთხვევა იყო, როცა კომისიის წევრები ან "ქართული ოცნების" დამკვირვებლები ამომრჩეველს კარნახობდნენ, ვინ უნდა შემოეხაზათ ან გაეფერადებინათ. ასეთი არაერთი ფაქტი დააფიქსირა ნოდარ ანთაძემ, რომელიც საარჩევნო პროცესს გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში აკვირდებოდა.

საარჩევნო დარღვევების შესახებ უკვე ძალიან ბევრი ფოტო-ვიდეო მტკიცებულება არსებობს, რომელთა საფუძველზეც არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე კატეგორიულად ამბობენ, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" არჩევნები გაყალბებითა და ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა სახის ზემოქმედებით მოიპარა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი