"მოვითხოვთ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა" | კორძაია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე

გამოქვეყნდა:

"მოვითხოვთ, გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს" - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით," - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჩივრა მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგები, ვინაიდან ბიულეტენზე გადმოტრიალების დროს ჩანდა რომელმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. კორძაიამ დღევანდელ ბრიფინგზე შესაბამისი ვიდეომასალაც წარადგინა:

"დასრულდა საჩივრების შეტანის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიის შედეგებთან დაკავშირებით. "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჩივრა მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგები და ახლა განვმარტავ რატომ - თქვენს წინაშეა კადრები, სადაც ჩანს “ქართული ოცნების” კომისიის წევრები როგორ ამეცადინებენ თავიანთ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში და ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს გამოჩნდება აუცილებლად, ეს იყო არჩევნებამდე. 

ეს უკვე არის გუშინდელი გადათვლის შედეგები, სადაც ყველა ბიულეტენზე ჩანს როგორ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ამომრჩევლის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების შელახვა და მას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ არავის არ აქვს შესაძლებლობა დღეს განსაზღვროს ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი და ვინ ვერ გააკეთა. 

ამიტომ მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემს საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი, რადგან ერთი მცირე დეტალია ამ პროცესში, ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, ამიტომ ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. 

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, იმისთვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. 

გარდა ამ საკითხისა, საჩივრებში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე და ვასაბუთებთ იმას, რომ მასობრივად ასევე არ ხდებოდა მარკირება, რაც იცავს როგორც წესი გაორებისგან და ხმების დუბლირებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია გადმოეცეს პოლიტიკური პარტიების შექმნილ ჯგუფს ის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შენახულია და დალუქულია, რადგან ეს არის ფიზიკური მტკიცებულება, რომლის გადამოწმებითაც შესაძლებელია იმ რეალური დარღვევების დადასტურება, რაც ჩვენ გვქონდა სახეზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ თავის გადარჩენის შანსი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, განიხილონ ჩვენი საჩივრები და დააკმაყოფილონ, რადგან ეს ფაქტები არის უტყუარი და იმ შემთხვევაში თუ არ გადმოგვცემენ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის, ესეც იქნება დადასტურება იმის, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა იყო სრულად ჩართული იმისათვის, რომ დაეშინებინა საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი