"დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი... მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ბრიუსელში განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი აკეთებს. ის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს.
"არ შეიძლება ახლო ურთიერთობები გქონდეს რუსეთთან და ამავე დროს გაწევრიანდე ევროკავშირში. ერთი მეორესთან შეუთავსებელია. საქართველომ გამართა საპარლამენტო არ\ჩევნები, რომლებიც აღინიშნა სერიოზული დარღვევებით, ეს უნდა იქნას გამოძიებული გამჭვირვალედ და სამართლიანად. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამით გრძელდება ტენდენცია, რომელიც ვნახეთ ბოლო თვეებში, როდესაც საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.
თუ საქართველოს ხელისუფლებისგან იქნება მზადყოფნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ ვთავაზობთ მას კონკრეტულ საგზაო რუკას: გაუქმებულ იქნას კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. ასევე გაუქმდეს ე.წ. კანონი ოჯახური ფასეულობების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ჩვენი ფასეულობა. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და მნიშვნელოვანია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბორელმა.