ევროინტეგრაციის პროცესიის შეჩერებას ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკურ კლანთან ერთად ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება შეუძლებელია.
"მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი ქმედებების შემდეგ ჩვენ შეგვიჩერდებოდა ევროინტეგრაციის პროცესი, სავსებით ცხადი იყო. ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს იმის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესიც შეჩერდეს. იმიტომ რომ ასეთი მძიმე განცხადებები, მძიმე შედეგებით მთავრდება ქვეყნებისთვის. გამოსავალი არის ჩვენში: პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და რაც მთავარია ხალხი უნდა შეიკრა. მოკავშირედ ჩვენ გვყავს ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი - საქართველოს პრეზიდენტის სახით, ამ ერთიანობით ჩვენ უნდა გავიდეთ ფონს."- განაცხადა "კოალიცია ცვლილების" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
"ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად აუცილებელია, რომ არჩევნების გაყალბება, რომელიც რუსულ სპეცოპერაციას წარმოადგენდა, უპასუხოდ არ დარჩეს არც ქართველი ხალხისგან და არც საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
"ჩვენ მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის გაფართოების უკანასკნელი ტალღაა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო თუ დარჩება ამ გემის მიღმა, არასდროს გვექნება შანსი რომ გავწევრიანდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაყალბებული რუსული სპეცოპერაცია უპასუხოდ არ დატოვოს არც ქართველმა ხალხმა და არც საერთაშორისო თანამეგობრობამ და ჩვენ მივაღწიოთ იმას რომ გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული მომავალი." - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.