დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც გამოვალთ წინადადებებით და იქნება სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით განცხადებები... საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოწოდებები დაკმაყოფილდება | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან და დღეს საერთო ბრიფინგს გეგმავენ, რომელზეც სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გააკეთებენ განცხადებას. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა ახლა დგას საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტი და ოპოზიციური პარტიები მაღალი პასუხისმგებლობითა და ეფექტურობით მოქმედებენ.

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ისტორიის, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანობით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები. ქართველ ხალხს მინდა მივმართო რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს." - განაცხადა "კოალიცია ცვლილებების" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, დღეს გაიმართება ბრიფინგი და საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მოწოდებები დაკმაყოფილდება.

"დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ ჩვენ 3 და შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით, იქნება სხვადასხვა მიმართულებით განცხადებები, სამივე პოზიცია და ტექსტი არის შეთანხმებული, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ერთი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული. საზოგადოების მოწოდებები სისწრაფეზე არის ჯანსაღი, მაგრამ მინდა რომ ყველამ გაიგოს და ჩვენ მდგომარეობაშიც შემოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების ფუფუნება და დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ. - აღნიშნა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილების" ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროცესში სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არის ერთადერთი მიუკერძოებელი, კონსტიტუციასთან შესაბამისი, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული გარანტი.

"ის არის ამ პროცესის ლიდერი, მან თავად გააკეთა ეს ისტორიულად სწორი არჩევანი და ბუნებრივია მასთან კონსულტაციები არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი." - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია საერთაშორისო რეაქციებს, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი არჩევნების და დემოკრატიული უკუსვლის პირობებში ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებს.

"ევროკომისიის ანგარიშში არაფერია გასაკვირი, საქართველო ამ არჩევნების და მსგავსი დემოკრატიული უკუსვლის პირობებში ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებს, მარტივი მიზეზის გამო. ევროკავშირის მთავარი სატესტო საკითხი არის დემოკრატია. ევროკომისიას გამოცხადებული ჰქონდა რომ ეს კონკრეტულად არჩევნებს უკავშირდებოდა. საერთაშორისო შეფასებები არის გასაგები საქართველოში არჩევნები ვერ შედგა იგი ვერ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ამიტომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა." - აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას. ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ საქართველოს პროკურატურის დღევანდელ ხელმძღვანელობას თავად მოუწევს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობა და იმის განმარტება, თუ რას აკეთებდნენ ხელისუფლების დავალებით.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი