ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა -აცხადებს "გახარია საქართველოსთვის" ერთ - ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
"ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
გახარიას პარტია ითხოვს, ცესკო-მ ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია და გაასაჯაროოს „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები. კონკრეტულად კი ის დოკუმენტაცია, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვის ვადასა და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს.
"დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკოს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია. " თქვა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, თუ „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას, შეუძლებელი გახდება გამოძიება და ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა.