"ფაქტი, რომ მალკევიჩი საქართველოში იმყოფებოდა არჩევნების დროს, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა", - ამის შესახებ X-ზე ჰელსინკის კომისიის მრჩეველი, ბახტი ნიშანოვი წერს.
"მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ეძებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. შტატების ხელისუფლება ფაქტობრივად გვთავაზობს ჯილდოს $10 მილიონამდე ინფორმაციისთვის, რომელიც მის ადგილსამყოფლამდე მიგვიყვანს. ფაქტი, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა არჩევნების დროს, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა", - წერს ბახტი ნიშანოვი.
სანქცირებულ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და წესით, საქართველოში არ უნდა შემოეშვათ. ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. კრემლის მარიონეტმა გაგლოევმა მას "მეგობრობის ორდენიც" გადასცა.
როგორ შემოვიდა ქვეყანაში საოკუპაციო კანონის დამრღვევი, შსს-ს განმარტება არ გაუკეთებია.
ინფორმაცია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.
ეს თავად პროპაგანდისტმაც დაადასტურა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც გადაცემაში საქართველოს საკითხს განიხილავდნენ.
მალკევიჩი ევროკავშირის, ამერიკის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერაა სანქცირებული და ძებნილად გამოცხადებული. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და $10 მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული მასზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის.