საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები სტატისტიკას არ ასახავს | BBC-ის სტატია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები სტატისტიკას არ ასახავს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა BBC და ორი ამერიკული ორგანიზაციის, HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებს ეხმაურება.

ორგანიზაციებზე დაყრდნობით, სტატიაში წერია, რომ გასულ კვირას, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები სტატისტიკურად აზრს მოკლებულია და მისი ლოგიკური ახსნა შეუძლებელია. 

გამოცემის ცნობით, ქართველმა დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემისას არაერთი დარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტინების გაყალბება და არჩევნების წინ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. 

ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ "ოცნების" მტკიცებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა მმართველი პარტია "რამდენიმე" საარჩევნო უბანზე დარღვევებს აღიარებს.

"Edison Research-ისა და HarrisX-ის შეფასებები ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიზანს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ, ხელს შეუწყობს", - წერს BBC.

ამერიკული კომპანია Harris X, რომელმაც მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩაატარა, საბოლოო ანალიზს აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ცესკოს მონაცემებში სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები კითხვებს აჩენს, რაც მინიმუმ 27 ოლქში სულ მცირე 172 523 ხმას მოიცავს, რაც ჯამური ხმების 8%-ზე მეტია.

HarrisX-მა ეგზიტპოლი საქართველოს 11 რეგიონში, 125 საარჩევნო უბანზე ჩაატარა და 12 007 ადამიანი გამოჰკითხა. საარჩევნო უბნები შემთხვევითობის პრინციპით აირჩა მოსახლეობის პროპორციული გადანაწილებით. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი +/- 0.9% იყო.

თავის მხრივ, ამერიკული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ი, რომელმაც ეგზიტპოლი ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა, აცხადებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლსა და ოფიციალურ შედეგებს შორის განსხვავება კენჭისყრის მანიპულაციაზე მიუთითებს.

ორგანიზაცია დეტალურად აღწერს კვლევის მეთოდს და აღნიშნავს, რომ "13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე ხმებით მანიპულაციებზე მიანიშნებს".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი