რა ტაქტიკას იყენებდა "ოცნება" ემიგრანტების ხმის ჩასახშობად | ნინო დოლიძის განმარტება

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია  "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ ამ ტაქტიკის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის შემცირება.

"როგორც უკვე აღინიშნა, ამ არჩევნებზე, ბევრი სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის. რა მოხდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.

არჩევნებში არსებობს ასეთი ტაქტიკა voter suppression, რაც გულისხმობს: ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის შემცირება. ქართულად ალბათ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობა ეწოდება. ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით. ეს მეთოდი არადემოკრატიული ტაქტიკების სიაშია და ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს. 

სწორედ ასეთ ტაქტიკასთან გვქონდა საქმე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზების ნაწილში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

1. წინასაარჩევნო პერიოდში - არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ცესკომ არ გახსნა დამატებითი საარჩევნო უბნების ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ და ითხოვდნენ უბნების გახსნას. შეგახსენებთ, რომ ორი სარჩელი გვქონდა ამასთან დაკავშირებით სასამართლოში, რომელიც აპელაციაშიც წავიღეთ. თუმცა, უშედეგოდ.

2. არჩევნების დღეს - ნაცვლად 5 რეგისტრატორისა, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში არ იყო საკმარისი რაოდენობის კომისიის წევრები/რეგისტრატორები  (დამკვირვებლებისგან მოწოდებული ინფორმაციით ზოგან იყო ერთი, ორი ან სამი რეგისტრატორი), რამაც გამოიწვია რიგები უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. უბნის შიდა და გარე ტერიტორიაზე საათობით იდგნენ რიგში ამომრჩევლები, რის გამოც უწევდათ უბნის დატოვება. მაგ. : სტოკჰოლმი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, რომი, ბარი, ლონდონი, სალონიკი, ვარშავა, ნიუ-იორკი 1, ნიუ-იორკი 2, სან-ფრანცისკო, ვენა, ბრატისლავა,

სხვა პრობლემებიც ვიხილეთ საზღვარგარეთის უბნებზე, თუმცა ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. უღრმესი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს საზღვარგარეთ!"- წერს ნინო დოლიძე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი