ნათესავები საარჩევნო უბნებს შიგნით და სუს-ის "ქუჩის ბიჭები" უბნებს გარეთ | გაყალბების გაშიფრული სქემა

გამოქვეყნდა:

საჯარო მოხელე, გია ბასილაძე შეეცადა "შაბათის მთავარის" კითხვებს გაქცეოდა. ის ქართული ოცნების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე ქალაქში ივანიშვილის პარტიის  შტაბის უფროსია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახის წევრები 26 ოქტომბერს, არჩევნების პროცესს  სარჩევნო უბანზეც და მის გარეთაც აკონტროლებდნენ. 

ბასილაძის მეუღლე ხათუნა ლილუაშვილი 42-ე საუბნო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამავე უბანზე ცესკოს კომისიის მდივნად ბასილაძის შვილი მარიამ ბასილაძე ყავდა დანიშნული. ანუ ამ ერთი ოჯახის მაგალითზეც კარგად ჩანს როგორ ჰყავდა ჩართული ივანიშვილის ოცნებას საკუთარი მხარდამჭერები თბილისში შემუშავებულ სქემაში.   

ხათუნა ლილუაშვილიც საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დასაქმებული. მუშაობს ერთ-ერთი  საბავშვო-ბაღის გამგედ. ხელმძღვანელობს აღმზრდელობით დაწესებულებას, რომელიც არ ფუნქციონირებს.  გაირკვა, რომ შენობა ორი წლის წინ აშენდა, მაგრამ სასწავლო პროცესი არასდროს დაწყებულა.  წყარო გვეუბნება, რომ არგახსნილი ბაღის გამგე, ხელფასს ბიუჯეტიდან მაინც იღებს.  

სხვადასხვა წყაროს  მიერ მოწოდებული ინფორმაციით , სარჩევნო პროცესს ქუთაისში სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. თავად არსად ჩანდა თუმცა სიტუაციის კონტროლისთვის ყველგან მისთვის სანდო ადამიანები ჰყავდა დანიშნული. ბიძაშვილები, მათი ქმრები და ცოლები, მეგობრები და მათი ოჯახის წევრები  -  გადამწყვეტი არჩევნებისთვის ლილუაშვილმა ადამიანები ამ ვიწრო წრიდან აარჩია და ზოგი კომისიის თავმჯდომარედ , ზოგი რიგით წევრად და ზოგიც კი მდივნად  სხვადასხვა უბნებზე გადაანაწილა.  სწორედ ეს ადამიანები ახდენდნენ ხმების მობილიზებას   მოქალაქეებზე ზეწოლისა და დაშინებით გზით. 

ამავე წყაროს ინფორმაციით მთავარი პირი რომელიც ლილუაშვილთან მუდმივ კონტაქტზე იყო და ინფორმაციას აწვდიდა, მისი  ბიძაშვილი ტატო ლილუაშვილია. ის იყო პასუხისმგებელი 26 ოქტომბერს სარჩენო პროცესზეც.  ტატო ლილუაშვილი თავადაც საჯარო მოხელეა და ამ დრომდე  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს. სწორედ მან გაანაწილა საარჩევნო უბნების შიგნით საჯარო მოხელეების ნათესავები და უბნების გარეთ სუს-ის მიერ მართული ე.წ ქუჩის ბიჭები. ტატო ლილუაშვილთან ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, თუმცა საჯარო მოხელე არც სამსახურში დაგვხვდა და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

არჩევნების მოპარვის სქემაში ტატო ლილუაშვილის სახელსა და გვარს არაერთხელ შეხვდებით.  მისი  უახლოესი მეგობარი ლარინა ლალიაშვილი  ქუთაისის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.  ის ამტკიცებს, რომ ეს გარემოება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე გავლენას არ ახდენს. 

ლარინა ლალიაშვილის ოჯახის წევრებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები და მათი სოციალური გვერდებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერებიც არიან. ლალიაშვილის მეუღლე კოტე ლომიძე ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს და თან არ მალავს, რომ ქართული ოცნების აქტივისტია. 

მზია ქავთარაძე- ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის განყოფილების ხელმძღვანელი და 59 საუბნო საარჩევნო  კომისიის, წესით,  ნეიტრალური წევრია, გადაღებული აქვს ფოტო  კახა კალაძესთან ფოტო ოცნების რეგიონულ ოფისში სადღესასწაულო ღონისძიებაზე. საჯაროდ დადებული ფოტოების  ჩვენება მისთვის ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ქართული ოცნების საარჩევნო სქემა ოპოზიციამ გაშიფრა. ამ დროისთვის მათ უკვე აქვთ ფაქტები და მტკიცებულებები, როგორ დაინიშნენ და მოხვდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები საარჩევნო კომისიებში,  მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილის პარტიის ინტერესებს ატარებენ.

ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნებს არავინ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. მარკირების პრობლემა, ე.წ კარუსელები, სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა და რაც ყველაზე მთავარია - კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ამ მძიმე დარღვევების დაფიქსირების გამო საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია რომ 26 ოქტომბერს ოლიგარქმა ამომრჩეველს არჩევნები მოჰპარა. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი