ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ასფარაში ახლა აღარავინ ცხოვრობს, თითქმის ყველა სახლი იშლება და სიცოცხლის კვალი აღარაფერს ეტყობა. გაუვალია გზა, რომელიც ნასოფლარამდე მიდის. 26 ოქტომბერს აქ ქარბუქი იყო. საუბნო საარჩევნო კომისია მაინც გაიხსნა.

ოქმის მონაცემების თანახმად გამოდის რომ 26 ოქტომბერს ასფარის საარჩევნო უბანზე ხმა 27-მა ადამიანმა მისცა, 25-მა ქართული ოცნება აირჩია. მათ ვინც გაუკაცრიელებული სოფლიდან დიდი ხნის წინ გადასახლდა საზღვარგარეთ. 

მკვიდრი მოსახლეობის სიმრავლით არც ნინოწმინდის სხვა სოფლები გამოირჩევა, მაგრამ ცესკოს პორტალზე განთავსებული ოქმებით გამოდის, რომ ხალხი, რომელიც აქედან გადასახლდა პოლიტიკურად აქტიურია და უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერი.

საქსტატის მონაცემებით ნინოწმინდაში სულ 14,600 მუდმივი მოსახლეა, ამ რიცხვში შედიან არასრულწლოვანებიც. ხმა კი 12,022-მა ამომრჩეველმა მისცა, ქართულმა ოცნებამ  10597 ხმით გაიმარჯვა.

ქვეყნის მასშტაბით მუდმივ მოსახლეზე მეტმა ადამიანმა ხმა 14 რაიონში მისცა - ყაზბეგი, ლენტეხი, ცაგერი, ონი,  ამბროლაური, ტყიბული, ვანი, ხარაგაული, წყალტუბო, საჩხერე, ნინოწმინდა,ბაღდათი, სენაკი, წალენჯიხა.

თუ ცესკოს რიცხვები რეალურია, გამოდის, რომ დიდი ქალაქებიდან, რომლებიც ოპოზიციურია მოქალაქეები ამ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ იმიტომ  დაბრუნდნენ, რომ უკლებლივ ყველას ქართული ოცნება გაეფერადებინათ.

ცესკოს შედეგებში კიდევ ბევრ უცნაურ მონაცემს აღმოაჩენთ.

ოქმის თანახმად, ბოლნისის მესამე საუბნო საარჩევნო კომისია საათში 150-ზე მეტ ამომრჩეველს უწყვეტად ატარებდა, ხმას წუთში ორნახევარი ამომრჩეველი აძლევდა, ეს პროცესი უწყვეტად გრძელდებოდა 9 საათის განმავლობაში რაც ბევრ კითხვას აჩენს. ხმათა უმრავლესობა 1146 ხმა რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ მიიღო. ამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მადონა ლომსაძე იყო, რომელიც იმავე სკოლის დირექტორია, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.

ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი არც სკოლაში დაგვხვდა და არც საცხოვრებელ სახლში, არ უპასუხა არც ჩვენს ზარებს, მოგვიანებით თვითონ გადმოგვირეკა და აგვიხსნა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამიტომ ვერ განგვიმარტავდა როგორ შეძლო საათში 154-მა ამომრჩეველმა მის უბანზე ხმის მიცემა. სამაგიეროდ გვისაყვედურა, რომ მასთან როგორც კომისიის თავმჯდომარესთან კითხვები გაგვიჩნდა.

ყველაზე კარგ ვარიანტშიც კი, როდესაც უბანზე რიგი საერთოდ არ არის, 23 წამში ამომრჩეველი რეგისტრაციასაც ვერ ასწრებს, არა თუ ხმის მიცემის სრული პროცედურის გავლას. ეს მხოლოდ ორი უბნის მაგალითია, ცესკოს ის შედეგებიც კი, რომლებიც მხოლოდ ზუსტი რიცხვები უნდა იყოს მსგავსი შეუსაბამობებითაა სავსე, რომლებიც ლოგიკურ შეკითხვებს აჩენს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი