მოლდოვის პოლიციამ და პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა გამოავლინეს პრო-რუსული პარტია „შორისა“ და ბლოკ „გამარჯვების“ წევრები, რომლებიც მოქალაქეებს არჩევნებში „ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ“ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.
ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია "ევრაზიასთან", მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული "პრომსვიაზბანკის" აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მოლდოვის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.
მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა იონ მუნტეანუმ 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე 800-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რეფერენდუმში კი გამარჯვება ევროინტეგრაციის მომხრეებმა მოიპოვეს.