გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და გაყიდული მილიონობით დოლარი | Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია წერს, რომ „საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა ღრმა პოლიტიკური და სოციალური განხეთქილება გამოავლინა".

ირკვევა, რომ Fitch-მა ივნისში გამოქვეყნებული წინა რეიტინგის მსგავსად ამჟამადაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო ივნისში გამოქვეყნებული წინა შეფასებით რეიტინგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა და ამჟამადაც Fitch-ი საქართველოსთან დაკავშირებით იგივე რეიტინგის მოლოდინს ინარჩუნებს.

ასევე, Fitch საკუთარ შეფასებაში მიმოიხილავს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს და მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ასევე ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს, თუმცა მიუთითებს, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და უფრო დაბალია, ვიდრე ის BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებშია.

"ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $100 მილიონი დოლარი წინასაარჩევნო კვირაში, სავარაუდოდ იმიტომ რომ გაეძლიერებინა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ. მაისში კი სებ-მა საერთო ჯამში 108.7 მილიონი დოლარი გაყიდა მაშინ როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ლარი 7%-ით გაუფასურდა.

ლარის სისუსტე ვალის მიმართულებით წარმოადგენს რისკს რადგანაც სახელმწიფო ვალდებულებების 71% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. საქართველო ასევე ჩამორჩება BB რეიტინგის ქვეყნებს რეზერვების ადეკვატურობის მიმართულებით, რამაც სექტემბერში 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მდგომარეობით მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია.

[...] 

Fitch-ის აზრით, პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება უახლოეს მომავალში, რაც დროთა განმავლობაში გაზრდის ინსტიტუციური სიძლიერისა და დამოუკიდებლობის ეროზიის პოტენციალს. დაძაბულობა გამწვავდა 2024 წლის მაისში საკამათო „გარე გავლენის გამჭვირვალობის აქტის“ მიღების შემდეგ. ოპონენტებმა მიიჩნიეს, რომ ის მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის ჩახშობას. უკმაყოფილება ასევე გაიზარდა სექტემბერში კანონის მიღების გამო, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ლგბტ თემების დისკრიმინაციას ახდენს.

Fitch-ის აზრით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზომიერი დონე, რომლის დიდი ნაწილი შეღავათიან პირობებშია, ამცირებს მოკლევადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ რისკებს", - ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი