საველე კაპიტნების შემდეგ არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბების საქმეში, მურუსიძის გენერლების ჯერი დგება. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს, რომელიც არჩევნების ფუნდამენტური პრინციპის - ფარულობის დარღვევას შეეხებოდა და რომლის გამოც საია 2 263, ანუ ყველა იმ უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, პროცესმა საქართველოს 24 ქალაქის სასამართლოში გადაინაცვლა.
საარჩევნო ბიულეტენები, ხმის ფარულობის დაცვას, რომ ვერ უზრუნველყოფდა, საიას წარმომადგენლებმა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართულ, ერთ-ერთ სასწავლო შეხვედრაზე აღმოაჩინეს. მალევე, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილობით მიმართეს და იკითხეს, როგორ აპირებდა უწყება ამ პრობლემის მოგვარებას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის პრინციპის ტოტალური დარღვევის გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით საიამ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ, უწყებას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს არც იმ აშკარა კანონდარღვევების ფაქტების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელთა მტკიცებულებიც, როგორც სატელევიზიო ეთერის საშუალებით, ასევე სხვადასხვა ვებგვერდებზე ყოველდღიურად ვრცელდება.
ადამიანები, რომლებიც არჩევნების ტოტალურად გაყალბების სამ სხვადასხვა სქემაში იყვნენ ჩართულნი, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მასშტაბური სპეცოპერაცია იყო. ამ სქემაში საკვანძო პოზიციები, ამომრჩეველთა მარკირებაზე და მათ ვერიფიკაციაზე პასუხისმგებელ პირებს ეკავათ.
არჩევნების გაყალბების მეორე სქემაში მმართველი გუნდის მთავარ იარაღს ადამიანების დაშინება წარმოადგენდა, ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათი თქმით, სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, სუსს ზეწოლის ბერკეტების ამოქმედების საშუალებას აძლევდა.
იმის გამო, რომ არჩევნების დღეს პარალელური დათვლის შედეგები არ გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნები” მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა ISFED, რომელსაც ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად 1500 მდე ადამიანი ჰყავდა მობილიზებული, რომლებმაც სხვადასხვა უბნებზე 490-მდე ინციდენტი დააფიქსირებს, "ქართული ოცნების" პრეტენზიებს საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს.
ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებში მმართველმა პარტიამ 1 119 967 ხმა მიიღო, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ზუსტად 191 942 ხმით, ხოლო 2021 წლის მუნიციპალური ორგანოთა არჩევნებთან შედარებით 295 191 ხმით მეტია.
არც ოპოზიცია და არც საერთაშორისო საზოგადოება ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ქვეყანა ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება.