მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს. ამ დროისთვის ხმების 93%-მდეა დათვლილი, თუმცა, დასათვლელი დარჩა დიასპორის 250 000-ზე მეტი ხმა. წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა: მაია სანდუ 50.09%, ალექსანდრ სტოიანოგლო - 49.91%.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 687 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ აქტივობა, არჩევნების მეორე ტურზე, 54.14%-ს შეადგენდა.
ასევე, წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმა 323 000-მა მოქალაქემ მისცა, რაც მოლდოვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
"ამ გადამწყვეტი არჩევნების მეორე ტურზე, მოლდოვაში საარჩევნო უბნები უკვე დახურულია. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ხმა პატიოსნად მისცა. დიასპორის აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მოლდოველები ხმას სასაათო სარტყელების მიხედვით კიდევ აძლევენ. თქვენი ხმის მკაფიოდ დაფიქსირებისთვის თითოეული თქვენგანთ ვამაყობ!" - დაწერა სანდუმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებოდნენ, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის
ხელმძღვანელობით.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.
3 ნოემბრის არჩევნებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, 2218 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
იხილეთ ასევე: