"ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში" | ნათია მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

"ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას - კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა. რამდენიმე დღის წინ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა, ვინაიდან არსებობდა მისი განადგურების რისკი.

ნაცვლად იმისა, ცესკოს კონკრეტული პასუხი გაეცა, თუ რა ვადით ინახება ხმის მიცემის აპარატებზე და ცესკოს სერვერებზე იმ ამომრჩევლების სია, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, ცესკოს თავმჯდომარე ტელეეთერებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ.სინამდვილეში ცესკოს ამ ინფორმაციის შენახვის წესის და ვადის განსაზღვრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს.

კონკრეტულ ოფიციალურ მიმართვაზე, კონკრეტული პასუხის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ დანაშაულს ხელს უწყობს სასამართლოც, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია გადაუდებელი გადაწყვეტილება. ნათელია, თუ როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუსმა, პროკურატურამ და სასამართლომ ჯერ არჩევნების გასაყალბებლად და როგორ მუშაობს ახლა კვალის დასაფარად.

ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ ბუნებრივია ნდობა ვეღარ იარსებებს."- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს.

ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მათი პარტიის წევრ ლია ყოჩიშვილსა და მამამისზე თავდამსხმელი პირი, მცხეთის საკრებულოს დეპუტატის ძმა დააკავეს.

"ჩვენი ინფორმაციით, და ეს ინფორმაცია დაზარებულმა მიიღო გამომძიებლისგან, დაკავებულია მოძალადე, ოღონდ ბოლო ეპიზოდის მოძალადეს ვგულისხმობ. თუმცა, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის არის დაკავებული 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, ეს არის საკმაოდ მსუბუქი მუხლი.
რეალურად, ჯერ ამ ადამიანს აჯახებდნენ მანქანას, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ამ საქმეში ჩართული იყო სხვა პირი, დიმიტრი ხუნდაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრი. შემდეგ, მეორე ეპიზოდი გვახსოვს, როცა ლია ყოჩიშვილის დედაზე განხორციელდა სიტყვიერი თავდასხმა და უკვე მესამე ეპიზოდი, როდესაც სახლში თავს დაესხნენ ლია ყოჩიშვილს და მის მოხუც მამას. ჩვენი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს კვალიფიკაცია, თუ სრულყოფილ გამოძიებაზე ვსაუბრობთ და დაველოდებით აღკვეთის რა ღონისძიებას გამოიყენებენ". - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი