სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლონდა თოლორაია პროკურატურამ დაიბარა. ინფორმაციას თავად თოლორაია ავრცელებს. საქმე ეხება არჩევნები "შესაძლო გაყალბების საქმეზე" დაწყებულ გამოძიებას. თოლორაია წერს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვაზე მხოლოდ სასამართლოშია თანახმა: 

"წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით: 
პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე; 
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე;
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;
ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე. 
ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 
პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით. 
დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. 
პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ  რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა - ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში." წერს თოლორაია. 

შეგახსენებთ, ამავე გამოძიების ფარგლებში, პირველი ვინც პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ასევე არ აპირებს პროკურატურაში მისვლას.
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი