წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს მასშტაბით ხელახალი არჩევნების მოთხოვნით - მიმართა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შეკრებილებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
"მინდა, ანგარიში ჩაგაბაროთ: ამ დღეების განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, სხვა სადამკვირვებლო თუ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, გავაერთიანეთ რესურსი და პირველ ეტაპზე მივაღწიეთ, რომ ამ ეტაპისთვის დემოკრატიული ქვეყნებისგან ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, მტკიცე ნაბიჯები გადასადგმელი.
მინდა გაგაცნოთ მთავარი პრინციპები, რაზეც ჩვენ, პოლიტიკური ძალები შევთანხმდით -
- ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას.
- არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
- დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში. ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
- ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც ხალხს არჩევანი მოჰპარა.
- ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია ერთად შევასრულოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ.
- ყველაფერს ვაკეთებთ ერთად.
- ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ;
- ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მან არჩევნები უნდა გამოაცხადოს გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული;
- გავავრცელეთ სტიკერები და აქ მოცემული არის კონკრეტული, ასე ვთქვათ, ბარკოდი, შეგიძლიათ შეხვიდეთ „ტელეგრამ“-არხზე, სადაც ჩვენგან სისტემურად, ყოველდღიურად მიიღებთ მუდმივად ინფორმაციას. შეგატყობინებთ, რა მოქმედებები იქნება, როგორ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას იმისთვის, რომ ვიყოთ ორგანიზებული, მიზანზე და გამარჯვებაზე ორიენტირებული;
- რაც მთავარია, ვითხოვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, ერთხელ და სამუდამოდ“.
[...]
ყველამ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ ხვალ, 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ხვალ ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან და წინააღმდეგობის მსვლელობებს ვიწყებთ. ეს კვირა, თბილისის მასშტაბით, არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა. გარდა ამისა, დავარიგებთ ჩვენს სტიკერებს და გვინდა გთხოვოთ, რომ ყველგან, თქვენს სადარბაზოებში, უბნებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყველგან განვათავსოთ ეს ჩვენი მოთხოვნა: ვითხოვთ ახალ არჩევნებს. შემოგვიერთდით ყველა იმ საერთო სივრცეში, სადაც ყველა ინფორმაციას მოგაწვდით", - თქვა ვაშაძემ.