"სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოს ოლქების წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანის გაჭიანურების მიზეზი თბილისის სააპელაციოს სხდომაა, რათა გადაწყვეტილებების შედეგები არ აცდეს ერთმანეთს" | საია

გამოქვეყნდა:

"სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოს ოლქების წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანის გაჭიანურების მიზეზი თბილისის სააპელაციოს სხდომაა, რათა გადაწყვეტილებების შედეგები არ აცდეს ერთმანეთს", - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს საიას სააპელაციო საჩივრების განხილვა, რომლითაც ორგანიზაცია არჩევნების ფარულობის მასობრივ დარღვევაზე დავობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ განხილულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა. დათქმულ დროს არ გამოცხადებულა გადაწყვეტილება და ამ დრომდე უცნობია, თუ როდის გამოცხადდება.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოს ოლქების წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანის გაჭიანურების მიზეზი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაა, რათა ამ ორი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები არ აცდეს ერთმანეთს. ეს ფაქტი სასამართლოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ აჩენს სერიოზულ კითხვებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ცესკოს მოთხოვნით, ჩატარდა ექსპერიმენტი, რათა გარკვეულიყო, იყო და თუ არა ფარული ამომრჩევლის არჩევანი ხმის მიცემის პროცესში. თუმცა, ექსპერიმენტი ხარვეზით ჩატარდა - გამოიყენეს მხოლოდ ხმის მთვლელი აპარატი, მაგრამ ყუთი, რომელზეც ის უნდა დამონტაჟებულიყო, არ მიიტანეს. 

ასევე, ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა ცესკოს თანამშრომელი, რომელიც წარსულში საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებს უძღვებოდა. 

ცესკოს თანამშრომელის მიერ ბიულეტენი კონვერტის მეშვეობით იმგვარად არ მოთავსებულა ხმის მთვლელ აპარატში, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში განემარტათ ამომრჩევლებსა და დაინტერესებულ პირებს.

ამის შემდეგ მოსამართლეს თავადაც ვთხოვეთ ბიულეტენი მოეთავსებინა აპარატში რა დროსაც აშკარად გამოჩნდა ბიულეტენის მონიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმაც დაინახეს ეს ფაქტი, მათ განაცხადეს, რომ ექსპერიმენტი დასრულებული იყო იმ მომენტში, როცა ცესკოს წარმომადგენელმა ბიულეტენი ჩააცურა და ახლა რა ჩანდა არ ჰქონდა მნიშვნელობა. სხდომას დავით ახალბედაშვილის ნაცვლად ფაქტობრივად დიმიტრი გვრიტიშვილი თავმჯდომარეობს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში მეორე გაერთიანებული საქმის განხილვა მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც. სასამართლომ საიას არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის, შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, ამის საპირისპიროდ კი, საქმეს დაერთო ცესკოს მიერ 1 დღის წინ მომზადებული ახალი ვიდეო, რომლითაც ცესკო ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არ დარღვეულა ფარულობა.

მტკიცებულებების დართვაზე უარის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო ამ მტკიცებულებების შინაარსის გაცნობის გარეშე, მაშინ როდესაც მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შემთხვევაში, სასამართლომ ჯერ გამოიკვლია მტკიცებულების შინაარსი და შემდგომ დაურთო ისინი საქმეს." - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი