4 კოალიციის ჩართულობით მომზადებულია ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გაიგზავნება | ჯაფარიძე ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

პროევროპული ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან დასრულდა. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, საუბარი შეეხებოდა 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს და ელჩს მიაწოდეს სხვადასხვა ინფორმაცია არამხოლოდ, დარღვევებზე.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავას თქმით, ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო გამოძიება იყო. მისივე განცხადებით, თუ რა მექანიზმის გამოყენება მოხდება არჩევნების შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე ევროკავშირში უახლეს მომავალში შეჯერდებიან:

 ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისივე დანაშაულს.

მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა და შესაბამისად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, დაუწესოს თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვას პერსონალური სანქციები - ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს საარჩევნოდ მიღებულ ინფორმაციებს, რასაც პროკურატურა ვერ და არ მიაწვდის, რადგან თავად არის იმ სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე, რომლითაც ივანიშვილმა ხალხს მოტაცა ევროპული არჩევანი." განაცხადა ბოკუჩავამ

ბადრი ჯაფარიძის თქმით, კი,  მომზადდა ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გასაგზავნად ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა:

"მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ეს დაიწერება. ანგარიში მზად არის, ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გადაეცემა, ელჩ ჰერჩინსკის, რომ მან ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს....ეს ანგარიში 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია, რომელიც სისტემურ დარღვევებს და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ მისია იყოს მოვლენილი, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომელიც მოხდა" აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.[IPN]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი