სკოლა, ძველი საავადმყოფო, ბიბლიოთეკა... | საარჩევნო ქოლ-ცენტრები სამეგრელოში და გაყალბებაში ჩართული საჯარო მოხელე "კაპიტნები"

გამოქვეყნდა:

"შაბათის მთავარის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები და არაერთი ხმოვანი შეტყობინება ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნები წინასწარ შემუშავებული სქემებით ტოტალურად გაყალბდა.

დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას სარჩევნო უბანთან კონსპირაციული ოფისები ჰქონდა მოწყობილი. ეს სამეგრელოში მდებარე ქოლ-ცენტრებში დასაქმებული პირების არასრული სიაა:  თამთა აფსავა, დათო ჯოხაძე, ქეთინო ესართია, თამუნა გამისონია... მათ გარდა ხალხის ხმების მოპარვაში კიდევ ასობით ადამიანი იყო ჩართული. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქართული ოცნების მიერ გახსნილ ე.წ ქოლ-ცენტრებს  წინასწარ შერჩეული ერთი პირი ხელმძღვანელობდა. 

"შაბათის მთავრის" კამერის გამოჩენამ ოცნების კონსპირაციულ ოფისებთან დიდი დაბნეულობა გამოიწვია.

სოფელ დარჩელის N-1 საჯარო სკოლა - ეს მისამართი  გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში იძებნება. ამ საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე სარჩევნო უბანი იყო მოწყობილი, მეორეზე კი ქოლ-ცენტრის ოფისი, რომელსაც ჩვენი  წყაროს ინფორმაციით, ამავე სკოლის დირექტორი, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, თამთა აფსავა ხელმძღვანელობდა.

დირექტორი კითხვებს გაექცა. ყველა მასწავლებელი, რომელიც "შაბათის მთავარის" კამერასთან გამოჩნდა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქოლ-ცენტრის არსებობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა სულ სხვა რამეზე მეტყველებს ქართული ოცების ოფისიდან გამოტანილი დოკუმენტები.

სოფელ დარჩელის საჯარო სკოლა არ ყოფილა ერთადერთი სადაც 26 ოქტომბერს ტოტალური გაყალბებისთვის სარჩევნო ქოლ-ცენტრი იყო შექმნილი. წყარო სამეგრელოდან გვიყვება, რომ მმართველი პარტიის კიდევ ერთი ოფისი საიდანაც უბნებზე განაწილებულ ოცნების კოორდინატორებს უკავშირდებოდნენ, სოფელ ანაკლიაში, მიტოვებული საავადმყოფოს შენობაში იყო განთავსებული. ამ შენობის თითქმის ყველა ფანჯიდან კარგად ჩანს საარჩევნო უბანი სადაც ოცნების პარტიულ კოორდინატორებს მოქალაქეები ძალის გამოყენებით მიჰყავდათ. 

მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 26 ოქტომბერს ანაკლიაში გახსნილ ქოლ-ცენტრს ორი პირი ხელმძღვანელობდა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერი, ვინც "ოცნების" აგიტატორებს აკონტროლებდა, თამარ გამისონია იყო. იგივე წყარო ამტკიცებს, რომ ე.წ კაპიტანი საჯარო რეესტრშია დასაქმებული და ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ინფორმაციას გამისონიას მშობლებიც გვიდასტურებენ, მაგრამ უარყოფენ რომ მათი შვილი რაიმე უკანონობაში იყო ჩართული. ინფორმაციის გადამოწმება ბრალდებების ადრესატთან ვცადეთ და მობილურზე დავუკავშირდით, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 მმართველმა პარტიამ ანომალიურად შეფასებული გამარჯვების ციფრის დასაწერად რამდენიმე მაქინაცია ჩაატარა, თუმცა მთავარი სქემები უკვე გაშიფრულია. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ  ოპერატორები ამომრჩევლის ნებაზეც ზემოქმედებდნენ და საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები ოცნების მხარდასაჭერად იძულებით და შანტაჟით მიჰყავდათ.

არჩევნების გაყალბებისთვის შექმნილი კიდევ ერთი შტაბი სამეგრელოში სოფელ ორულის საჯარო ბიბლიოთეკაში იყო მოწყობილი, რომელსაც ამავე სოფლის რწმუნებულის მოადგილე დათო ჯოხაძე ხელმძღვანელობდა.  წყაროს მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებულ ჯოხაძეებს მივაკითხეთ. ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნანა გვიდასტურებს, რომ მისი ძმა სოფელ ორულუს  "კაპიტანი" იყო. 

აღიარებისა და დოკუმენტების გარდა, ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებითაც დასტურდება. მათი ავტორი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და რწმუნებულის მოადგილის დაა, რომელიც   ძმის მხილებამ  გააღიზიანა.  ნანა ჯოხაძე ადრესატს შურისძიებით ემუქრება. 

კაცი ვისაც შურისძიებით ემუქრებიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია მამფორიაა. სწორედ მან დაწერა სოციალურ ქსელში ოცნების ადგილობრივი "კაპიტნების" მამხილებელი პოსტი. მამფორია გვიყვება რომ საჯარო პოსტზე  რეაქციების გარდა მას ივანიშვილის საარჩევნო ქსელის წევრები პირადადაც ემუქრებოდნენ და ქუჩურ გარჩევებზე იბარებდნენ.  

რეპორტაჟზე მუშაობისას კიდევ  ერთი კაპიტნის ვინაობა გავარკვიეთ - ჯანსუღ ჯაბუა ამავე სოფლის რწმუნებულია, რომელიც ჩვენთან საუბარში აღიარებს რომ სარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მობილიზებას თვითონ და მისი მოადგილე ხელმძღვანელობდნენ.

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, რომელიც არჩევნების გაყალბების სქემაში იყო ჩართული ქეთინო ესართიაა. "შაბათის მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ე.წ კაპიტნობისთვის ოცნებამ ის სოლიდურად დააჯილდოვა და ამომრჩევლების ძალადობრივ მობილიზებაში  10 ათასი ლარი აიღო.

კიდევ ერთი ხმოვანი მტკიცებულება, რომელიც მთავარმა არხმა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ გაასაჯაროვა 26 ოქტომბერს ცენტრალურ სარჩევნო კომისაში გამართული ბრიფინგის შემდეგ "კაპიტნების ჩათშია" გაგზავნილი - "შთამბეჭდავია ის ციფრები, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენი პროგრამით. შთამბეჭდავია ის გამოხმაურებები, რომელიც მივიღე მე ხელმძღვანელობისგან..."

სამადლობელი ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მთავარმა არხმა მოიპოვა, ქოლ-ცენტრების სქემაში მონაწილე პირებს არჩევნების დასრულების შემდეგ გაეგზავნათ. მასალის მიხედვით, ოლიგარქის გუნდი გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია... - ამ მოკლე პერიოდში არანორმალურად ვიშრომეთ. შედეგებიც შესაბამისია. თითოეული თქვენგანი და მეც კიდევ მეტად გავიზარდეთ.არ არის მარტივი ნულიდან ააწყო და მიიღო 100%-იანი შედეგი. ეს ციფრი რომელიც მივიღეთ - 953 336-ია თუ არ ვცდები არის გამარჯვების ციფრი."

"შაბათის მთავარმა" გაარკვია, რომ ხმოვანი შეტყობინების ავტორი ბენო გეგეჭკორია. "ქართული ოცნების" რეგიონული დეპარტამენტის საარჩევნო სამსახურის წევრი. ის ერთ-ერთი იყო, ვინც საგანგებოდ მოწყობილ ქოლ-ცენტრებს ხელმძღვანელობდა და იქ მყოფ პირებს მითითებებს აძლევდა. 

"ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება რომ 26 ოქტომბრამდე ადრე დაიწყო, ამას ადასტურებს მედიით არაერთხელ გაშუქებული ფაქტი - თანხისა თუ დაშინების სანაცვლოდ, როგორ ხდებოდა მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, რაც არჩევნების დღეს კარუსელის დასატრიალებლად გამოიყენეს.

თითქმის ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წინასწარ შემუშავებული სქემებით ტოტალურად გაყალბდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიერ გაშიფრულია. ათასობით ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი უკვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ხელშია. 

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი